ჩემს შვილს, ეკას


ბავშვი ხატავს სახლს _
ერთი წითელი ატლასის საწოლი,
ეზოში ასეთივე წითელი ძაღლი,
დანარჩენ ფურცელს ავსებს
ბალახით, ან ცით,
შუაში, მზის გვერდით, აწერს ხელს,
თავისი ლოგიკა აქვს:
წითელი საწოლი ზამთარში
უფრო თბილია, წითელი ძაღლი
ვარდების ბუჩქს გავს,
ცა _ სინათლეს, რომელიც დღეში
ორი საათით მოდის,
ბალახი ისეთი რძიანია, შეიძლება მოწველო,
მაგრამ ცხოველების დახატვა არ იცის
და წერს: ძროხები, ცხვრები
ასოებს წვიმის დახრილობა აქვთ,
კომპოზიცია ჭკვიანია და
ოდნავ სევდიანი
ბავშვმა იცის, რა არის სევდა _
მშობლები ღამეს ტალახივით პურის
რიგში ათენებენ...
დილისთვის,
ნახევარქვეყანა ბალახში,
კიდევ წითელი კვერცხებია ჩახატული
თვალით გრძნობს, რომ ასე ჯობია,
გულით _ რომ მალე აღდგომა მოვა
და პატარა სიხარულს მოიტანს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი