პიტალო კლდეების გასაგონად


გააჩერე დრო!
დილის საუზმეზე
თოხლო კვერცხივით
მოიხარშე საათი!
ღამე მაინც მოვა,
ოღონდ ლითონის გემო ექნება,
საწერ მაგიდასთან კონფლიქტიც
არ აგცდება, მუშაობა _
მარადიული და გულუბრყვილო სიტყვა!
ვეღარ ხატავ და
საღებავს ხომ არ შეჭამ?
დიდი-დიდი, ნერწყვით გაიშინაურო,
მაგრამ ყურს მოიჭრის ვიღაც
და გათავდა,
ამ სისხლით დახატული
მილიონებად გაიყიდება
ნახატი რომ უწმინდურებაში
ამოავლო, იმასაც იყიდიან,
XXI საუკუნეა,
კანალიზაციის მილებში
ჩატენილი ვარდები _ ალიყური პოეზიას!
«იალბუზიც მოაძრეთ, თუ
ხელს შეგიშლის» _
ისევ დღის წესრიგში დგება,
ვერავის დაადანაშაულებ,
შავით თეთრზე წერია რახანია,
წითელი მელანი რომ გადავასხა?
კივილს ქრესტომათიაში არ შეიტანენ,
მთებთან ლაპარაკი _
პოეტობის ბოლო შანსი საქართველოში
ეს არ არის მაღალფარდოვნება,
უფრო გენეტიკა, როგორც
მინდვრის თაგვის სიფაქიზე
ინგლისურ ბალახში...
ბალახი ისეთი რძიანია,
შეიძლება მოწველო, მაგრამ
ვის უნდა დასალევად
მწვანე შუქი ან თოვლის რძე
ჩემი მთებიდან?
თეორიული გადმოხტომა აქედან _
ფრთების მოტეხვა
სინამდვილეში ისეთი უმწეო,
უტვინო სიმახინჯე, რომ
სასწრაფოდ წვიმამ თუ არ ჩარეცხა,
პიტალო კლდეებსაც დაარბილებს...
კივილს ქრესტომათიაში
ვერ შეიტანენ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი