0 169

ლეღვის სიტკბოში ჩაღრმავება..


ლეღვის სიტკბოში ჩაღრმავება,
როგორც სექტემბრის ზღვაში...
მეშინია ფსკერის და დიაბეტის,
წყალს კედელი მირჩევნია,
ზედ რომ ფრჩხილები მივამტვრიო.
შეიძლება, შაქარი გტკიოდეს,
ან რომელიმე დაჩლუნგებულ ნაწლავზე
თავი ჩამოიხრჩო?
მაგრამ ჩვენი ტრადიციები!
თანაგრძნობა _ კარამდე,
მონოლოგები, ნარნარა ბგერების
უპირატესობით, პროფესიული მოტირლები!
მათი ხელოვნებიდან ჩემს წვალებამდე
ერთი ნაბიჯია,
არ ჯობია, როცა ტკივილისგან ვანთივარ,
უსიტყვოდ ჩამაქრონ,
სპექტაკლი გადაიტანონ
მარჯანიშვილში ან რუსთაველში,
ბლომად მაყურებელი მიიზიდონ,
პანაშვიდის ეფექტი.
პირდაპირ თავში ურტყამს,
კათარზისი ცხვირსახოცებში
აღარ ეტევა,
აბა, უტკივილოდ ჩამქრალებისგან
რა თეატრს ააშენებ?!
კომენტარები (0)