ამ ქალს თვალებში..


ამ ქალს თვალებში
მეტასტაზების ტოტები უჩანს,
როგორც ფანჯარაში,
ლაპარაკზე ბორკილი ადევს,
შიში მუცლის ძირიდან მოდის,
ბორკილი _ თავიდან,
აიძულებს საგანი იყოს საგანთა შორის
და არა სიტყვა მათი გამომხატველი,
რაც დამატებით ტკივილს მიაყენებდა.
ტელევიზორში
ჟურნალისტების გახელების ტემპერატურა
აფეთქებას უახლოვდება,
თავს ვუშველოთ!
იმ ქალიდან გამოვიხედოთ,
რომელიც გამჭვირვალეა
გაზაფხულის ფანჯარასავით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი