დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს ..

დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს.
თითქოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, საით წავიდეთ,
ინერციით მივექანებით.
ორივე ხელით წავფრენივარ რაღაც საქმეებს.
ფეხები კი მიწიდან ამსხლეტია
და ასე საცოდავად და ასე ახალი საგანივით
ვსწავლობ თქვენგან იმ სიხარულს,
რომელიც არსად გამომადგება.
ალბათ შენიშნეთ – ძილი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ,
ძაღლივით დამდევს
და ხან მპოულობს და ხან მკარგავს ამ რყევებისას.
ვერ მიდებენ გულს სერიოზული საქმეებიც –
ათასჯერ დამნომრეს და ჩამომწერეს,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,
ვიდრე ასე ჭასავით ვდგავარ,
ვიდრე დღეები სათლებივით მეთხლაშუნებიან,
რომ ამომაცალონ საიდუმლო,
რომელიც მუდამ უწყალდებათ.
კადრის უკუღმა დატრიალება –
რაიმე დაფშვნილის აღდგენასავით,
ყველა ნატეხი რომ თავის ადგილს უბრუნდება,
ასე უკუღმა ვცხოვრობ თქვენთან
და ფანჯრებს რომ ვხსნი,
თუკი ოდესმე ქვემოთ გადავმხტარვარ,
სათითაოდ უკან ვბრუნდები თქვენთვის.
ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში კი,
თქვენს დაქექილ საშლელებსა და
თქვენს თავმოჭმულ კალმებს შორის
ძალიან საშიში ამბები მიდევს.
გამოვხსნი, დავცქერი, ვახარისხებ.
კარტებს რომ აჭრი, ისე ვთამაშობ.
და რა საოცრად კარგია ასე –
სიგიჟე უჯრაში და ირგვლივ თქვენ –
ვითომ არაფერი…