0 1454

აი, სად შემხვდი


აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია, _
შენ რომ გიყვარდა,
ის ქალი მე ვარ,
ვიცი, სხვა ქალი არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.
კომენტარები (0)