პატარა კი ვარ მაგრამ არც ისე


როცა საყვარელს ვეფერები, ვგავარ ყაყაჩოს...
და ყაყაჩოსფერ ლოყებს მალავს შენი ხელები,
როცა სიტყვები თავმომწონედ მინდვრად ყოყოჩობს,
მე არასოდეს, არასოდეს გეპირფერები.

როცა სიზმრებში გადახლართულ თმებს ამიწეწავს,
ქარივით ძლიერი და მდუმარე შენი თვალები,
მაშინ მაცნობებს დედისერთა, გულის გზავნილი,
მე სიყვარულის აბლაბუდა ქსელში გავები...

და ვერ მიშველის ვერც წვიმად ქცევა, მე ხომ მარტო ვარ,…
და ისევ მიყვარს მარტოს ცეკვა მზით დამწვარ გზებზე,
ბოშა ქალივით ჩამოვივლი ქუჩებს ხალისად,
ჯიხვისებური სიამაყით შევდგები ცერზე.

როცა მაკოცებ გთხოვ დახუჭე მზერა მაგ თვალთა,
მე სირცხვილისგან დამწვარ და დამჭკნარ ვგავარ ნარცისებს…
რომ არ შენიშნო ჩემს თვალებში იდუმალება,
მე პატარა ვარ, ხო, პატარა ვარ, მაგრამ არც ისე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი