ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს..


ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს
ჩემი პატარა, უღინღლო ბარტყის,
ეს სუნი, დროის ათვლის სათავე,
სუნი ვანილის და სუნი მარწყვის.

ეს ის სუნია, სულ თან რომ დაგვდევს,
სულში, სხეულში, გამჯდარი სისხლად,
საფიქრალს გვიჩენს ვინ იცის რამდენს,
ოქროს ფასი აქვს, ამ სუნის მისხალს.

მას ხომ დაეძებს, ნატრობს და ელის,
ყველა სულდგმული, ყველა არსება,
მზე ვერ ახუნებს, დრო ვერ აძველებს,
ამ სიყვარულის სუნით სავსე ვარ.

ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს,
ეს სუნი ჰაერს ანათებს მზიდან,
და სიცოცხლისთვის საჭირო დოზით,
ეს გრძნობა მიწას აწვიმს ვაზიდან.

ყველაფერს ჩემი შვილის სუნი აქვს...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი