ყოველთვის როცა..


ყოველთვის, როცა ჩემთან მოდიხარ,
ჩემი გულის ცემა, დილით,
ეკლესიაში დარეკილი ზარის მსგავსად,
მთელ ქალაქს ესმის...
და ვენდობი შენს გამოწვდილ ხელებს,
ისე, როგორც ხეივნის ჩრდილში დაკიდულ ჰამაკს;
მერე ჩემი გულიდან გაფრინდებიან ჩიტები,
მუდამ რომ მწიწკნიან და მკორტნიან,
და მე ვრჩები შიშველი ხესავით...

ყოველთვის, როცა შენი ხმა მესმის,
ჩემი სხეული,
სახელდახელოდ აგებულ ქვიშის პირამიდებს ემსგავსება,
მერე ვიშლები და მიწას ვეფინები...
ყოველთვის, როცა შენს თვალებს ვხედავ,
სიმაღლის მეშინია...
არ მინდა ცაში...
და ზუსტად ვიცი რომ არასოდეს ვიქნები მზე,
რადგან უშენობას ვერ ავიტან და...
არ მინდა დაგწვა...

ყოველთვის, როცა ჩემგან მიდიხარ,
მე ვინახავ შენს ნაბიჯებს,
ახლა შემიძლია გავზომო მანძილი
პლიუს უსასრულობიდან - მინუს უსასრულობამდე...
მერე აღმოვაჩენ რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ყინულის ქანდაკება ვარ,
სითბო და სიყვარული არ შემიშლია...
მე დნობას ვიწყებ...

და რომელიმე შეყვარებულის
გულწასული თვალების მოსასულიერებლად,
მდუმარე სევდით ჩამოვგორდები
ფერწასულ სახეზე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი