ხმამაღალი ფიქრი


როცა ვფიქრობ და როცა ვდუმდები,
ვჯდები კუთხეში, თავს ვდებ მუხლებზე,
თვალებს ვხუჭავ და ბილიკს მივყვები
შორეული მოგონებიდან...

როცა მტკივა და როცა განვიცდი,
გათენებასთან ერთად ველი,
როდის დაადნობს მზე გაყინული ცრემლების გუბეს...

როცა მიყვარხარ,
ყოველთვის ვფიქრობ,
არ მოვაშორო ცრემლიანი მზერა ცის სარკმელს,
რომ არ მოსცილდეს მზისფერ ოცნებას
ფერადი ფარდა...

როცა წვიმს,
და გუბეებში იხაზება წვრილი რკალები,
ასე მგონია ყველა სიტყვა რაც ჩემთვის გითქვამს,
მიმეორდება...

როცა მეძახი,
ასე მგონია ზეცა იწყებს ხმამაღალ ფიქრებს,
და ფეხაკრეფით მოვდივარ შენსკენ,
რათა ფიქრებმა არ შეწყვიტონ გალობა ჩემთვის...

როცა ვიძინებ,
ისე ჩუმი და ისე ფრთხილია ამ გულის ცემა,
თითქოს იხსენებს ყველა წამს და ყველა მოლოდინს,
თეთრი სიზმრიდან...

როცა გიცდი და გელოდები,
ვითვლი ისრების მოძრაობის წრიულ სიხშირეს,
ამ დროს ვრწმუნდები,
რომ დროსთან ერთად არ აკლდება
წლები სიყვარულს...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი