მარიჯანი

პოეტი, მწერალი

თავი დაიხრჩო სიმხიარულემ ..

თავი დაიხრჩო სიმხიარულემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შევნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
მრავალ სიმებით გადამეხლართე
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...
და როცა სხვასთან ღამეს გაათევ,
მიცქერ ნაცემი ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული,
ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს, 
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა,
მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,
როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდა
ეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.

გახსოვს, ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,
ზღვაზე ვფიქრობდით მაშინ ნაკლებად,
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარებლად...ტყის ასაკლებად...
გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა
ჰაერში იდგა სუნი საკმევლის,
ხავსი, კარავი, ტყის ნოტიო და...
ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.
ვგზავნიდი ლექსებს და ამანათებს
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები, რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.