სულში ჩაგეღვენთოს


თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.

გონგადალეული როდესაც გიყურებ,
მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა,
რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა,
ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.

წამს გაოცებისას ნეტა თუ ენება
მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა.
შენს ხატზე ვილოცებ, თუ კი ეგ მშვენება
არის აჟღერება შენეულ სულისა.

მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის აღრევა
რა საკადრისია, რა მოსატანია,
წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა
გონების მახვილ თვალს ვერ აუტანია.

უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო,
ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,
იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი
მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.

მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,
მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი,
შენს მაღალ მშვენებას, დედოფლის საკადრისს,
სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.

და შენმა სახელმა იცისკროს, იბრძოლოს,
საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით,
სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ
დედა მარიამი, ქეთევან, თამარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი