მერაბ კოსტავა - ფოტო

მერაბ კოსტავა

დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

შენ გევედრები ..

შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.

გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.

არ მითხოვია შავი დღისათვის
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი,
არ განმიკითხო ცოდვებისათვის,
არ დამიტეო უძღები შვილი.

ოდეს ვირეკდე, განმიღე კარი,
ელვავ, ღრუბლებში შემოპარულო
და განმიახლე სულის საყდარი,
სასოებაო და სიხარულო.

როდესაც წართქვი: "იყავნ ნათელი",
აღენთო ჭაღი მზიანი ღამის.
აელდა თვალი, ტაძრის სარკმელი,
განმმარტებელი სანთელი გვამის.

შენ მიანიჭე ნათელი იმ მზეს,
რადგან გწადია ჩვენც გაგიმზევდეთ,
რომ იმავ თვალით, რომლითაც გვიმზერ,
შენვე გხედავდეთ, შენვე გიმზერდეთ.

მაშ რაღას ვაქნევ წელთა სიბერეს,
რაღას დამაკლებს ჟამთა დინება.
თუკი მეოხად ხმა შენმიერი
და შენი მადლი მომეფინება.

სული მარტვილი აღვაპყარ შენდა,
ოდითგან ქმნილი შენეულ ხატად,
გულის სიღრმეში დაფარულს ხედავ,
დაფარულთათვის მიმაგებ ცხადად.

და დაფარული თუ გაცხადდების,
იმ პირველ სიტყვას მადლით მთოვარო,
ღირსად მყავ შენი გამოცხადების,
დამბადებელო და მაცხოვარო.

თუ სიდიადე იმ პირველ თქმულის,
საღვთო სინედლის არის პირობა,
მომმადლე ლექსით აღვსებულ გულის,
დაუშრეტელი ოქროპირობა.

ცდაში მარჯვენა არ მომიცარო,
აბჯრად ამასხი ძალი თმენისა,
უკვდავებისა შთამასვი წყარო,
შემასხი ფრთენი აღმაფრენისა.

და მაშინ ვიტყვი, მსხვერპლი შენთვისაც
ეკლიან გზებზე ავათავთავე,
რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც,
სასუფეველი არის სათავე.

იმედი იგი, ყოვლის მძლეველი,
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის,
რადგან კაცთაგან შეუძლებელი,
შესაძლებელი არის ღვთისათვის.

ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო.