მერაბ კოსტავა - ფოტო

მერაბ კოსტავა

დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

გალაკტიონი

სიტყვას, ვით მახვილს კახაბერისას
ხელმარჯვედ სცემდი დიდი მგოსანი,
თაღლითი თვალი წარეც კეისარს,
ზენაარს – თვალი პატიოსანი.

და უხარია ახლა კეისარს,
პოეტთა მეფემ ქართველ ერისა
არა სისხლით და ცრემლით ნაწერი
მიუძღვენ ლექსი აურაცხელი.

ვერა, მგოსანი ვერ დასთმობს იოტს,
თუ არის სიტყვით ნათლის მცემელი,
რა აბადია ჭეშმარიტ პოეტს
კეისრისათვის წარსაცემელი?

ის ვერ დაჯდება იმის ქორწილში
როგორც თამადა, როგორც მაყარი,
იმის ხოტბაში არ უდევს წილი,
არსად სჩანს მათი გზათშესაყარი.

ამადაც გწამდა, შთამომავლობა
რომ გამოარჩევს ყალბისგან ნამდვილს,
პირუთვნელობის სამზღვარს განავლებს,
ყველას მიუჩენს კუთვნეულ ადგილს;

რომ ელვისმფრქვევი ლურჯა ცხენებით
ვინაც დასთრგუნა სიალფე ქარის,
ვისაც ლოკავდნენ ცეცხლის ენები,
მას ვერ აქცევენ პოეტად კარის.

მღვრიე მშვენებით გადაიბინდე,
მზეთა ორგია გბანგავდა ძველი,
მთვარის მაგიას არც შენ მიჰრიდე,
ახალუხლებსაც დაასხი ხელი,
სიბრძნის იმ ერთ დარგს როს დაეწინდე,
ვითარცა მოსემ, აღმართე გველი,
ანაზდად ლურჯას მათრახი სწყვიტე,
საასპარეზო უჩვენე ვრცელი,
როცა გახელდი, მთლად აიწყვიტე,
ახსენე ტრფობა უკანასკნელი,
მღვრიე მშვენება უმალ დასწმინდე,
მკვიდრად შეაბი ზეცას ქვესკნელი.

შენს ხელში ფუნჯი და საჭრეთელი
ლექსს ანიჭებდა საოცარ ფორმებს,
მხატვარიც იყავ, ქვათა მკვეთელიც
და როგორც ლითონს ოქრომჭედელი,
სიტყვებს აზრებად ისე ასხამდი,
უგულველჰყოფდი ლოგიკის ნორმებს,
სულ სხვა ყალიბით განასხვავებდი
ფოლადს, გრდემლსა და მოქნილ გრაციებს,
აწყვეტილ რითმებს როს უზავებდი
წარმტაც მელოსს და ალტერაციებს.

წმინდა მუსიკა თვითაა ნება,
საყბეურებს რომ ამოგდებს ყბაში,
ასე უშუალოდ ვინ გვაჩვენებდა
პოეზიასთან მის უღრმეს კავშირს.

როგორც ნარკოზი, როგორც ჰაშიში,
იგი როდია ეგზომ საშიში
და ზოგჯერ თუკი აღვირს წაგართმევს,
დაასადავებ და თავს გაართმევ.

და ან რად უნდა იმას ჰაშიში
და ხელოვნური ბანგვა გონისა,
ვისშიაც მძლავრობს ყრმა დიონისო
და ღვინო უწევს ტონუსს გენისას.

თუკი საღია შენი ბუნება
და ლირასავით ხარ მრავალძალი,
ვინა სთქვას შენი დაძაბუნება,
თუნდ გიზგიზებდე როგორც ხანძარი,
განა ოდესმე დაიფერფლები
გრძნობას აზრით თუ გარს მოევლები?
და ვით მუდმივი ცეცხლი ტაძრების,
შენ არასოდეს დაინაცრები.

სმენით ჩამწვდომით, აბსოლუტურით,
თვითდამკვიდრებით, შინაგან ვნებით,
მუსიკა იგი, შენივე ნებით,
იქცა ტრიუმფად ქართულ კულტურის,
კაზმული სიტყვის მაღალ მშვენებად,
ცრუ გემოვნების გადაშენებად.

ვგრძნობთ დიონისოს მზიურ ელექსირს,
ვით პოეზიის აღორძინებას,
შენ ხარ სთველობა ქართული ლექსის,
მისი მაჭრობა და დაღვინება.

მამულის გრძნობით შენგან აღვივსეთ,
ვცანით, ვით მადლის სულში ჩადგომა,
მისი აპრილი, მისი მაისი,
მისი მკათათვე და შემოდგომა,
სილაჟვარდე და სიწმინდე ყოვლის,
ივლისისფერი ყინვის თასები,
მშვენიერება ვარდისფერ თოვლის,
პორფირის, ძოწის და ატლასების,
ხმა ამირანის გმინვის და წყევლის
და მარტვილობა ჯვარცმული ელვის,
ყაზბეგის თავზე ცა მოჭედილი
და ბებერ მუხის მეხთან ჭიდილი,
იმ ენკენისთვის მზვარე და ოქრო,
საკვამურებში ქარის სიმღერა,
პრომეთეს სულის აბობოქრება
და კოსმიური ორკესტრის ჟღერა.

ვიგრძენი ძალა ლოგოსის, გზნების,
ევროპას, რუსეთს რომ დაგვაწიე,
ენის ხარისხი, განცდა მშვენების
ოდეს მეშვიდე ცამდე ასწიე.

რუსთველის მიერ ნაანდერძალი
კვლავ აღგვიდგინე ღმერთების ენა,
ოდეს გვასწავლე შთასმა სამსალის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

და ახლა ვერვინ შეგვედავება,
რომ თვით სატანას დავცემთ არულით,
რადგან ვირწმუნეთ, თვით უკვდავება
რომ არ არსებობს უსიყვარულოდ.

ამ ჰარმონიის ხიდის გადება
ჰგავს გამოჩენას პირველი მერცხლის,
სად მიტევება თანანადებთა
ელავს კანდელად სინდისის ცეცხლის.

სირცხვილის გრძნობით გვწვავს შემოქმედი,
კაცობის საყრდენს გვაწვდის იშვიათს,
რადგან სინდისი აქ ერთადერთი
განმართლებული წმინდა შიშია.

ისევ ბუხარი, მწუხრი, სერობა
და, ვფიქრობ, იგი აღარ ჩაქრება,
იისფერ თოვლის ალმაცერობა
როცა შენს სულში ჩაინამქრება.

წყევლა რაინდის, ამფორტასისა
კვლავაც გტანჯავს და გულს გიავადებს,
ნატრობ ზედაშეს ძვირფას თასისას,
ამა სოფლისა ვერ გფლობს თავადი.

ხამს არწივივით შეინავარდო,
ზრახვა გულისა გიჯობს გაანდო,
ვინაც გიძმო და შეგისატყვისა,
ყველა დროების პირველ პალადინს,
რამეთუ გფერფლავს, ვითარცა ალი,
სიწრფელე გულთამხილველი თვალის,
შეუღწევლობა მონსალვატისა,
მიუწვდომლობა წმინდა გრაალის.

ვიცი, განცვიფრებს ძალა იმ ხიბლის
და იდუმალი ძაბვა სერობის,
განსპეტაკებულ სისხლის და ხორცის,
ძალა არნახულ უდრტვინველობის.

თუ არ ჩაიგდე თავი ამ დღეში,
რატომ ვიდოდი ეგრე ეულად,
გწამს, ცეცხლოვანი ის აზარფეშა
შენი ოცნების საგნად ქცეულა.

ამ მხარეების ძველი სტუმარი,
მოვდივარ შენთან, როგორც მავანი,
მარქვი, მგოსანო, რატომ მდუმარებს
ღირსთა მამათა წმინდა სავანე?

ნუთუ დაგვეხშო აღსავლის კარი
და ერთიანად წაგვერთვა სმენა?
რამეთუ ვუწყით, მეტყველი არი,
ერთობ მჭევრია საგანთა ენა.

რადგან უწყიან იქაც, მიწაზეც,
ვისთვისაც ჯერ არს, ყველამ იციან,
ბარძიმი იქ არს, იმასთან ცაზე,
გალილეია ვინც აირჩია.

საქართველოსაც ხომ ერგო რიგი,
ვით ისტორიის უმძლავრეს კოლოსს,
საოცრებათა გრაალი იგი
წმინდა გელათში იყო სულ ბოლოს.

ჩვენი კაცობის დამამშვენებელს,
ვინც იყო ჩვენი დიდების ჭერი,
ხელთ ეპყრა დავით აღმაშენებელს,
მეფე-მღვდელმთავარს ქართველი ერის.

ნიმბად იდგამდი თავზე ირისეს,
მჯობის არჩევა რადგან გჩვევია,
რადგან ჭაღარა ჩვენი თბილისი
ამაოდ შენ არ აგირჩევია.

თუ არ გაქვს ჩემთან რამ დასამალი,
მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
გულისნადებთა მისთა წამალი
ვის ენდობოდა ეგზომ ტარიგი?

კაცი ფარული და იდუმალი,
ვის მოწაფეთა ვერ სჭვრეტდა თვალი,
საქმენი მისნი ვინც განარიგა
და მოიხადა საქვეყნო ვალი?

გინდაც დამგმე და გინდ მიბატონე,
გინდ გამისტუმრე ჯანდაბას იქით,
იმ კარაულის ნაღდი პატრონი,
მსურს რომ ვიცოდე, ვინ იყო იგი?

ჰოდა გარდმიხსენ გული ტარიგის,
და ნუ ჩამითვლი უდიერებად,
მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
ვისთან ჩატარდა იგი სერობა?
რადგან დავლოცო მწადის ამრიგად
მისი სახლ-კარი და მისი ეზო,
მარქვი, ვინ არის, ვინ არის იგი,
ვინც განუმზადა საფლავი იესოს?

როს განუწონეს მაცხოვარს ფერდი,
ოდეს თვალებში ჩაგვიდგა ნისლი,
მითხარ, ვინ ედგა, ვინ ედგა გვერდით,
ვინაც ბარძიმი აღავსო სისხლით?

მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
ჟამის მოწევნას ვინაც ელოდა,
ყველა სიზუსტით და თადარიგით
ვინც გარდამოხსნას ხელმძღვანელობდა?

ირლანდიაში წაიღო ვინაც
გრაალი წმინდა, ოცნებად გედის,
ვისაც ხელთ ეპყრა იგი უწინაც,
მსურს, რომ ვუწყოდე იმისი ბედი.

ერთი უმთავრეს ვარსკვლავთაგანი
რად არ აღენთო ზეცაში დღემდე?
ვარსკვლავი ფიქრთა ჩვენთა საგანი…
და ან ველოდოთ უნდა როდემდე?

და განასრულებს როცა იესო
იდუმალ ლოცვას იმა ბაგისას,
სული, ჭაობზე უნოტიესი
იქცევა კია უსპეტაკესად?

როდემდე ზღვაში დამსხვრეულ გემის
უიმედობის აფრა გვემოსოს,
რომელმან სულში ჩასტირე დემონს,
შენდობის ღირსს და საანგელოსოს.

ვით მეფეს, ძლიერს და გვირგვინოსანს,
უნდა ძალედვას ჭეშმარიტ მგოსასს
დამორჩილება ბოროტი ძალის,
პოეტს ვერ დასცდის მაცდურის თვალი.

გამოუცდელთა მაცდურ დაიმონს
ვინც მოუდრიკა მონურად ქედი,
ვინც ბნელს და ბოროტს ვერ დაიმონებს,
რა პოეტია, ან შემოქმედი?

თუმც არ უმღერდი ლIუციფერს ოდას,
სიცისფრეს მისას ვარდად ათოვდი
და, ვისაც ტატო “განვედო!” – სთხოვდა,
მისთვის შენდობას გულწრფელად გვთხოვდი.

არათუ ტატო, ჩვენ ვიცით სხვანიც,
დაფნის გვირგვინით დამშვენებულნი,
მაღალ მუზათა ზიარნი ძმანი,
სიტყვით ძლიერნი, სულით ვნებულნი,
სათქმელს ზომავდნენ ქართულ ბუნებით,
განუზომელით და არა მისხლით,
რადგან არათუ განკარგულებით,
სწერდნენ გულიდან მომსკდარი სისხლით.

ასათიანმა ლექსების ელვით
ჩვენი გაჩენის სამწდე დასცალა,
სამადაშვილმა ახსენა წყევლით,
მიწისკენ გზები ვინც მოგვასწავლა.

ვაჰმე, თუ ლადომ სენმორეულმა
ვეღარ დასთრგუნა სიკვდილის შიში,
არ ეთმობოდა რადგან სხეული,
არ ეთმობოდა ქართული ჯიში,
მაშ სიყრმეს თვისას რად მისტიროდა,
ნუთუ ვერ ჰპოვა გზა უფრო სწორი,
სულეთის სიღრმეს რად არ ჰკვირვობდა,
როგორც ავტორი “მემენტო მორის”?

არც ლეონიძეს განწყობა ესე
გულს არ ეფონა, სიმართლედ ითქვას,
არ დაენათლა იმის გალესილ,
კირკეს საკაზმით შენაზავ სიტყვას.

პარნასის სანახს თუ განვყოფთ ორად,
ვიგრძნობთ სიმძაფრეს ქართულ ენისას,
მათ პოეზიას განვსაზღვრავთ სწორად,
ვით პოეზიას მხოლოდ გენისას.

იქ კი რიტმია ოკეანისა,
ქაოსის სუნთქვა ღამის წყვდიადში,
სულ სხვა განცდაა სიგრძე-განისა
მიკროკოსმიურ პოეზიაში.

ნიკო, ღვთის მადლი ნუ მოგაკლდება,
იმკიდე ყველგან, სთესავდე საცა,
განკაცებული თუ არ მოკვდები,
როგორ იქცევი აღდგომის კაცად?

ბოროტის ცნობა თუ არ გექცევა
დედამიწაზე მიღებულ ჩვევად,
სულეთში ვერსად ვერ გაექცევი,
იქ სულ ვერ შესძლებ მათ გამორჩევას.

სთქვა ღვთისმეტყველმან, ნათლით ცხებულმან,
ვინც სიქველეთა უწყოდა რიგი;
ვინც ქრისტეს არ სცნობს განკაცებულად
ეშმაკისაგან არისო იგი.

სივრცეებს მიღმა სივრცეს ეძებდი,
კოსმოსში გსურდა დარჩენა კვლავაც,
სულს სხეულისთვის ვერ იმეტებდი,
გარდუვალობას შეჰღრენდი ავად
და ან დილეგში რას დაატევდი
სიტყვას მოხეთქილს ხანძრად და ლავად,
საკუთარ ბედის ვარსკვლავს მისდევდი,
ფიქრებს ნაღველში ჰფერავდი შავად.

ეს დედამიწა აკრთობდა გრანელს,
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა,
იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა,
ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.

ბოლოს იფიქრა სასომიხდილმან;
არ განიყოფის მთლიანი ორად,
არა სიციცხლე, არა სიკვდილი,
რადგან ორივეს მიიჩნევ სწორად.

დიახ, მათ შორის მესამეც ჰგია,
ორთავ საწყისის მაერთებელი,
თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია,
თუ შენი თავის ხარ განმგებელი,
სინდისის შენის წინაშე წარსდექ,
იცან სიკვდილი და მკვდრეთით აღსდექ!

დიახ, ის მუდამ ემახსოვრებათ,
მისი ლექსები და მისი ბოლო,
თუმც ვერ იცხოვრა მიწის ცხოვრებით,
ეს მესამე გზა ინატრა მხოლოდ.

მაგრამ გზა იგი, სხვისგან ფარულად,
დაუდეგრობით, არდამონებით,
შენ გეპყრა მხოლოდ აქ სიყვარულით,
იქ სივრცეების დაპატრონებით.

სხვისთვის უხილავს სჭვრეტდი ეთერში,
ამაოებას არ დაემონე,
ვით სოკრატეში, ვით გოეტეში,
შენშიც მძლავრობდა ის დაიმონი.

ხან ავდარივით ქუფრო და ლეგავ,
ყველა ქართველზე მეტად ქართველო,
ჯადოქრულ სიტყვის ალფავ, ომეგავ,
საჭეთმპყრობელო და წარმმართველო.

ვით მებალავრე ფუძეთა მყართა,
ვით შემოქმედი სახეთა, გვართა,
როგორც ბუნების ძალა ნამეტი,
ოქრომჭედლობა და ორნამენტი,
ვით სამაროვნის ძვირფას ზოდებზე
დაუვიწყარი ეპიზოდები,
შენ არასოდეს არ მეორდები,
რჩეულად ჩვენში შენ იწოდები,..
რადგან არნახულ, არსმენილ დონით
ყველას ერთბაშად გადაიწონი,
აუწონადის წონა ხარ კუთრი,
რუსთველის ხიბლით განცვიფრებულო,
პოეტთა მეფევ, რამეთუ უდრი
ქართველ მგოსანთა მთელ საკრებულოს.

ინტუიციით, განწონით მიზნის,
წინათგანმჭვრეტი და წინათმგრძნობი,
პოეტის გული გულია მისნის,
ჩვილი ბალღივით ყოვლისმიმნდობი.

ვერ ითვისებდი პოეტთა არტელს,
მუდამ მაღალი, მუდამ ეული,
ვით მინდვრის მუხა, იდექი მარტო,
ევერესტივით ნისლმოხვეული.

დრო არ გაკლებდა სასტიკ ქარიშხალს,
გაუძელ თავათ ცეცხლის მდინარეს,
სიმაღლემ შენმა ვერ გადაგტეხა,
ვერც დაგამსხვრია როგორც ჩინარი.

ჰა, დაირინდა, იწვის ვით დენთი,
ხედავ ცის კიდე როგორ ენთება,
შენ კი გეგონა, რომ არის გვიან,
რომ უკვე კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის აროდეს არ გათენდება.

მაღალ ზრახვათა, მაღალ მიზანთა
შენ იყავ ჭური და საზიდარი,
ოდეს დაიხშე გულის ფიცარი,
როს დაგიღამდა, ოდეს დავარდი,
გიშრისფერ ჯვრიდან ვით შვიდი ვარდი,
შუმ სილაჟვარდედ კვლავ აელვარდი.

გახსოვს საქმენი იმ ბარბაროსის,
დღეები შიშის, ღამენი ძრწოლის,
როს საყვარელი წაგგვარეს ცოლი,
როს შეიცვალა სულ მთლად ტაროსი
და ირწეოდი ვით კიპაროსი?

მტვრიან ქუჩებში ბინძურ სამოსით
ეხეტებოდი როგორც სალოსი,
ჩაიკალ გულში შენ უშედეგოდ
იმედი მძაფრი და უდამდეგო.

ასე ვიდოდი შენ სიბერემდე,
ჭრილობა ძველი ვეღარ ალაგმე,
თუმც პირველობას შენ იფერებდი,
როგორც პოეტი და მოქალაქე.

ბოლოს ფიქრებით სავსე ოთახი,
სარკმელი წყლულებს ვერ გისაკლავებს,
ზეცა ღრუბლებით გადანათალხი
მძიმედ გაწვება, გიხშობს ვარსკვლავეთს.

ბნელში თვალები მგლისებურ ჰკვესენ,
თვინიერ დარჩნენ ანდა როდესმე?
წამიც და აჰა, ერთი ნახტომით,
ვითარცა ვეფხმა, შეჰკარ კამარა,
გამოუცხადე შენს სხეულს ომი
და იგრძენ, დარჩი სულის ამარა.

დღესავით მახსოვს, შენი ბრგე ტანი
მამადავითზე რომ აიტანეს,
ჩამძივებოდათ თვალებში ტენი
ტარიელებს და ქართველ ნესტანებს.

მახსოვს, აპრილმა ყვავილთა ძაძა
ქარის თითებით რომ ჩაისწორა,
რტოებს მოსწყვიტა, ზღვასავით დასძრა,
მაღლა ასწია, გააცისსწორა.

ძაძად მოევლნენ ყვავილნი, დიახ,
დამწუხრებული გულების წიაღს,
კლდეები მრუმე, შრეები მქრქალი,
საბედისწერო გადმოდგა ქალი,
რასაც ვერ სჭვრეტდა მოკვდავთა თვალი,
გულთმისანივით ხედავდი მკვდარი.

რუსთველის ჯუფთო, დიდო მგოსანო,
ვარდის და ლილის რომ დაგჭრა ფერმა,
დაფნათა ქარში გვირგვინოსანგყო,
მეფედ გაკურთხა ქართველმა ერმა.

მარქვი, ო, რატომ აჯანყდა სული
მაგ ბრგე სხეულში სისხლად ნადენი?
მარქვი, ასე რად დაგვწყვიტე გული,
რად განირღვიე ხორცთა ბადენი?

ეგებ ფიქრობდი, იმ უსასრულო
მსხვერპლს სადღეისოს ვერ დაიტევდი,
რადგან დღეს მსხვერპლი იწირვის სულით,
საღვთო ცეცხლით და ჭეშმარიტებით.

ამგვარი მსხვერპლის მადლი არ ჰქრება,
ვერვინ დააცხროს იგი ხანძარი,
მის აღთქმულს ბეწვიც არ მოაკლდება
ვინც სთქვა; სამყარო არის ტაძარი.

“დე მწვავდეს ცეცხლი ჯოჯოხეთური,
ოღონდაც ვიყო არ წამხედური”.
ასე ცხოვრობდი, ასე ფიქრობდი,
რიჟრაჟს ბზარავდა ზარი სიონის,
ცეცხლს გიკიდებდა მწუხრზე მთაწმინდა,
მაგრამ მეტადრე ერისიონი,
კოკისპირულად თავზე გაწვიმდა,
შენი კაცობის სიმაღლით, სიღრმით,
მარადისობამ თავისთან გიხმო…

თუ თავათ შენ ხარ მარადისობა,
წარსული, აწმყო და მერმისობა?
მისი ზიარი და თანაარსი,
ვისთვის ერთია ცენტრი და გარსი,
სადით ერთია სიღრმე და არე,
სად არ არსებობს შიგნით და გარეთ,
თუნდაც აკვანი, თუნდაც სამარე,
გინდ სატანჯველი და ბოღმა მწარე?
რად განვათვისოთ ამერ-იმერი,
თუ მთლიანია ქართველი ერი,
სავანე მისი ღვთის სამყოფელი
და სიტყვა მისი განუყოფელი?
გალაკტიკები გალაკტიონში,
არა არა განთქვეფა და განსხვისება,
ვერ დაეტევა ვერცერთ კანონში,
რასაც ვუწოდებთ მარადისობას.

რა უცნაური იყავ წინადრე,
რა უცნაურად განვლე სოფელი,
რა არ იფიქრე, რა არ ინატრე,
შემმეცნებელო მეფისტოფელის.
მუდამ ითხოვდა სული ცხოველი;
როგორც მე სხვაში, ჩემშიც ყოველი!
გაიერთარსე, რაიც დაჰყავი,
ოდეს სამყარო საცნაურ ჰყავი,
როს სულის წრთობას ხელი მიჰყავი,
რადგან კოსმოსი თავათ იყავი.
სიკვდილის განცდა შენი ბედია
ამგვარ წრთობასთან შეუღლებული,
მაშ რას ვადაროთ ეს ტრაგედია
მუსიკის მიერ მუცლად ღებული?
სამანთან დგომა შენი ხვედრია,
მიტომ გადარებ სიმღერას გედის,
სიკვდილს თვალები იქ შეხვედრია,
სად უკვდავებას სჭედს შემოქმედი.
თუმცა ვიცნობდი სხვა კორიფეებს,
შენს ვერგაგებას ვერ დამაყვედრებ,
რადგან არათუ მგოსან მეფეებს,
მე შენ გადარებ ჭეშმარიტ მხედრებს;
სიალფით, გზნებით და მხურვალებით
აისბერგშიაც ცეცხლს რომ აღძრავენ,
მათ ძალას ვერსად დაემალები,
გადაგთელავენ და დაგმარხავენ.
შენ იმ საწყისებს მიწიერს, ციურს,
შემოქმედების ჟინით ავსებდი,
როს შემართებას რევოლIუციურს
წმინდა ქაოსთან აერთარსებდი.
იმ გზას ვერასდროს ვერ დაეხსნები,
რომელიც გაჰყავს გეზს უპირატესს,
და მაინც ჰგავდნენ შენი ლექსები
თვალუწვდენ ზღვაში გაჭრილ პირატებს.
არ უარობდი რადგან ღმერთობას,
ჭეშმარიტებად ერთს სცნობდა გონი,
გრძნობდი საკუთარ ერთადერთობას;
ერთი არისო გალაკტიონი.
გრძნობდი მასშტაბებს მხოლოდ მესსიურს
ქმნადობის ცეცხლით ატაცებული,
რადგან საკუთარს გრძნობდი მისსიას,
რისთვისაც იყავ განკაცებული.
გწამდა; ბოროტის ვერ დაგცდის თვალი,
თუ სიტყვა გიჭრის ვითარცა ხრმალი,
და აღასრულე როს შენი ვალი,
შეუმუსრავი გადიცვი რვალი,
საიდან მოხვედ იქით მიიქეც,
სული იყავ და სულადვე იქეც,
მიკროკოსმიურ გადიქეც კაცად,
ამ აღმაფრენას რა შეანელებს,
დროის და სივრცის დაჰკარგე განცდა,
ზოდიაქალურს მოედე ველებს,
სად წუთისოფლის დასასრულია,
სიცარიელე ჰქრება სრულიად,
იწყება რიგი საოცრებათა,
ზესთასოფელი რადგან რთულია,
რადგან სამყარო ყველგან სულია,
ცხოვრების პულსით და არსებებით.
გარდაცვლილები განცდებს ვერ მალავთ,
სივრცეთა წყობა თქვენშია უკვე,
გულისნადებით ურთიერთს მსჭვალავთ,
უჟამობაში ერკვევით უკეთ.
სივრცე, სხეულთა სიმცირის გამო,
უკმარისობის განცდაა მხოლოდ,
მისი აღვსებით ყოველი ლამობს,
ამ ილIუზიას მოუღოს ბოლო.
როგორც ამგვარი განცდის ნაყოფი,
დროის მიზეზი, მისი რაობა,
სტიმული იგი ჩვენი სრულყოფის,
დასაბამს იღებს აქ მოძრაობა.
მუდმივ აწმყოთი, როგორც დამდეგით,
თუ ილIუზია განილტვის ჩვენგან,
ვხდებით ჩვენივე თავის მიმდრეკი,
როს ერთდროულად ვიყოფით ყველგან,
რადგან სხეულით ამოგებული,
ორლესულივით გაშიშვლებული,
მხოლოდ სულია თვისი არსებით
ყველგან მყოფი და ყოვლის აღმვსები.
მითხარ ძვირფასო, რა შეედრება
მიკროკოსმოსად თვითდამკვიდრებას,
რაც ჭეშმარიტად გზაა ვარგისი
ჩვენი განწმენდის და კათარზისის.
შენ, საქართველოს თვალის სინათლევ,
ხომ მოიპოვე, რაიც ინატრე,
დაუსაბამო სახლი სიმართლის,
მიუსაფართა თავშესაფარი

ნაწყეტი ამ პოემიდან
მერაბ კოსტავა – “ტერენტი გრანელს”

ეს დედამიწა აკრთობდა გრანელს,
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა,
იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა,
ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.
ბოლოს იფიქრა სასომიხდილმან;
არ განიყოფის მთლიანი ორად,
არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,
რადგან ორთავეს მიიჩნევ სწორად.
დიახ, მათ შორის მესამეც ჰგია,
ორთავ საწყისის მაერთებელი,
თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია,
თუ შენი თავის ხარ განმგებელი,
სინდისის შენის წინაშე წარსდექ,
იცან სიკვდილი და მკვდრეთით აღსდექ!
დიახ, ის მუდამ ემახსოვრებათ,
მისი ლექსები და მისი ბოლო,
თუმც ვერ იცხოვრა მიწის ცხოვრებით,
ეს მესამე გზა ინატრა მხოლოდ.