მიხეილ ჯავახიშვილი - მწერალი

მიხეილ ჯავახიშვილი - ფოტო

 ქართველი მწერალი - მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი), დაიბადა  1880 წლის 8 (20) ნოემბერს სოფელ წერაქვში. 

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და. 

მ. ჯავახიშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა მაღალმხატვრული რომანები (”კვაჭი კვაჭანტირაძე”, 1924; ”ჯაყოს ხიზნები”, 1925; ”თეთრი საყელო”, ”ქალის ტვირთი”, 1936 წ. და სხვ.).

”ჯაყოს ხიზნებში” მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული - ფეოდალური არისტოკრატის უკანასკნელი ნაშიერი - დროების მიერ განდევნილი და გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი თეიმურაზი, და ბნელი სულითა და მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.