აგვისტო, 1968 წელი

თავისუფლება, - მას რუსულად "სვობოდა" ჰქვია, -
ხელებშეკრული ჩაიყვანეს პრაღიდან მოსკოვს...
თავისუფლება თავისთავად მშვენიერია,
მშვენიერი კი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია,
ჭეშმარიტება კი უთუოდ სიმართლეს ნიშნავს,
რასაც რუსულად "პრავდა" ჰქვია... ჰოდა, ეს "პრავდა"
იუწყებოდა იმ დღეებში: "გუშინ მოსკოვი
სვობოდას შეხვდა ტაშითა და ყვავილებითო"... ...............
მერე - აგვისტოს მზემ გადაწვა ლორთქო ბალახი,
მერე - ვაცლავის მოედანზე ხალხი მოგროვდა,
ჩირაღდანივით აბრიალდა იან პალახი
და ყველასათვის ცხადი გახდა - რაა "სვობოდა"!