პასუხი


მაშ, შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?!
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?!
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?!
არა! ქართველთა გზა როდია ასე იოლი:
თვითმკვლელობაა
დიდი საქმის ჩვენში დაწყება...
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს
შურდულივით
დაენარცხება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი