გაზაფხული ჩარგალთან

იქ, სადაც არაგვს ჩარგლულა ერთვის,
შველი ბღავის და ეძახის დობილს,
ვაჟას ეზოში ბალახობს ერთი,
მეორე ვაჟას ხმაურზე მორბის.
კლდეებს ადნება ყინული სისვი,
კინჭუხზე სძინავთ ნაზამთრალ სვავებს;
ვაჟაის წყალთან ხორხოცი ისმის,
დევები ვეძას პეშვებით სვამენ.
არაგვი ბორგავს შმაგად, მრისხანედ,
ბექებს აწყდება მთვრალი კაცივით,
ხევებზე მოდის დილა სისხამი,
მწვანედ ირთვება ჭალა ნაწვიმი.
გაიელვებს და ცის დაქუხებას
შეებანება ჭაუხთა ექო,
ტოტებგანიერ ბებერ მუხებთან
ვაჟა `ბახტრიონს~ უკითხავს ფეხონს.
მზე მაინც ატანს ღრუბლების სისქეს,
ფშანში ვარდება ჯურხას ფარივით,
გზები გავიდა ბარისკენ, მთისკენ,
აშრა, ამწვანდა ხომი, თვალივი.
მთები გულმკერდზე ყვავილს ისხამენ,
ზამთარში კვდება თოვლიან ბექზე
და ენძელები ყოველ სისხამზე
ვაჟას ფანდურზე მღერიან ლექსებს.