ფიქრიას..


დღეს რაც გიცადე მარტო, ქალშავო,
მეცხრედ ავიდნენ ჭალით ნისლები,
მაგრამ შენ აღარ სჩანხარ საფშავლოს,
ვსულწუხდები და ჯავრით ვივსები.

თითქოს აბჯარი უნდა ავისხა,
მოვკლა ე შხამით სავსე წუთები,
როგორც კი მზერას დავცემ ფშავის ხევს,
მწირი მწარე გულს ავეყუდები.

უცებ ამიტანს ჟინი და უნდა
ამოვდო ჩემსა ლურჯას აღვირი,
შუაფხოსა და უძილაურთას
შემოვვარდები კვლავ ყაჩაღივით.

სოფლის ბოლოზე ისევ დაგეძებ,
როგორც მშიერი ქორი წიწილას,
მაგრამ მაშრება სიტყვა ბაგეზე
უკან ვბრუნდები ისევ პირწბილად.

გზაში ნაცნობი ხეთა რტოები
ერთურთს რატომღაც ოხვრით ჰკოცნიან,
მივყვები ჭალას განმარტოებით...
გათხოვდი? მართლა? მომილოცნია!

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი