0 3762

სახეში გვათოვს..


სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,

სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,

ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა

არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.

რა სასტიკია, რა სატირალი

სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი.

... მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს.

მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს.

ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,

თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს.

გუზგუზებს, ოხრავს ცვენი ბუხარი,

ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა,

ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს,

ცხოვრება მაინც ფეთქავს ძველებურად.

და მამაჩემი, კარგი, კეთილი,

შრომობს, ჩუმი და გულდაკეტილი.

მინდა იქ ვიყო: გაყინულს, დაღლილს

მათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა,

მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლის

და უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა.

ან ვიყო ბავშვი, ტკბილი ფიქრებით

ბეღურებსავით ვაგებდე ბინას,

ან ვუცქეროდე: თოვლის ფიფქები

როგორ ადნება ფანჯარის მინას.

მაგრამ ომია, დღენი წავლიან,

მე კი ვერ ვიგრძნობ მშობლიურ სითბოს,

იქ, ჩვენს ეზოში, ძაღლი ჯავრია

ჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს.
კომენტარები (0)