0 2910

მოცოცავს..


მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.

აბასთუმანში ახლა ზამთარია,
თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,
აპრილი _ ნორჩი მხატვარია,
ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.

მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,
მწვანე აბლაბუდა იბლანდება...
აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები _
ქვეყანა ახლად იბადება...

ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,
`ჩუ-ჩუო!~ _ ერთმანეთს აჩუმებენ;
მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,
ეგ თურმე _ კვირტები ფაჩუნობენ...

დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია _
სენაკს მოაშურეს ნაცნობს,
გაზაფხული _ ჩემი წაწალია,
ვაიმე, რარიგად წაწლობს!

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!
კომენტარები (0)