გაზაფხული შემოსულა, ლენ ..


გაზაფხული შემოსულა, ლენ,
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი, უბორკილო დღე...
მოგანატრე სათიბი და ტყე!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ `დილეგს~,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს _
მწევარივით გამიხტუნე წინ,
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ,
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს...
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი