დილის ბინდში ..


დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა, თოვდა... რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა...

მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,
გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.
”ეჰეჰეი!” - შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა...
რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი