შეჩერდი, მოასწარ!


გვიმრები, ძეწნები, ძეძვები ჩახლართული,
გზა უხვევს, ანაზდად შეხედე - საოცრება:
პატარა ხეობაში პატარა ნაკადული
პატრა წისქვილის
ლაჯებში გამოძვრება.

შეჩერდი! აქ ჩვენი ბავშვობის ბუდეა!
დგას ჯუჯა წისქვილი, როგორც ჩაფიქრება!
არ ვიცი, არ ვიცი, კარგი თუ ცუდია,
დრო რომ დადგება და ეგ რომ არ იქნება!

შეხედე საბრალოს, სალპობად ჰყუდია!
არ ბრუნავს დოლაბი, სიმინდი არ იფქვება!
ვერ გეტყვი, ვერ გეტყვი, კარგი თუ ცუდია, -
ჩვენ რომ ვიქნებით და
ეგ რომ არ იქნება!

მაგის ძველ დიდებას ჭალას ჩაუვლია,
საცაა ჩაიჩოქებს, თავხელში წამოწვება...
შეჩერდი, მოასწარ, - დანაშაულია
მაგისი ყურების
არმოსწრება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი