არარომანტიკული ამინდები


ჩაი ჟასმინით და მწარე მატე-
ჩემი სიმარტოვის არომატი,
თეთრი პუდელივით დასეირნობს
ღამის ილუზიურ ოთახებში,
სადაც ეს ცხოვრება-
სასაცილო,
საპნის მექსიკური სერიალი,
ისევ უსაშველოდ გაიწელა,
ყელში ამოსული ნერვებივით.
შენ კი კვლავ აბრალებ გულგრილობას,
არარომანტიკულ საღამოებს
და სისხლში გაჟონილ ბალღამივით,
ამინდს ხასიათი უფუჭდება,
(და მე უმწეობის დასაფარად,
ტუჩზე იდიოტურ ღიმილს ვირგებ-
მე და ჩემი ყოფის საქმიანი
და ბეჭედდასმული გარიგება,
სარფიანად...)
მრგვალ მაგიდაზე კი მოწყენილად,
შოკოლადისფერი თვლემს ბოდლერი,
და ორპირი ქარი გამჭვირვალე
ფარდას დამცინავად აფრიალებს...
სანამ ამინდივით გაცივდება,
ჩაი ჟასმინის და მწარე მატე,
როგორც ამ ცხოვრების აფიორა,
ჩემი ჩამოშლილი თმის ფუნჯებით,
ბოროტების შავი ყვავილები,
მკერდზე დავიწყებად დაიხატე,
შენთვის ასე არარომანტიკულ,
ჩემი მარტოობის გრძელ ღამეში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი