დღე და ღამე


დღე

იჯდე და შენთვის, ჩუმად წერო.
იჯდე შენთვის ჩუმად და წერო.

გავდივარ აივანზე და ცივი ქარია.
ვიხედები მარცხნივ და-
სიცარიელე.

ჩემი თვალებიდან შავი ფრთები მოფრინავენ.
ჩემი თვალებიდან შავი ჩიტები მოფრინავენ
და შენი სახლის სახურავზე სხდებიან.

ზოგჯერ მგონია,
შუბლს გამომინგრევს მათი ხმაური.

ზოგჯერ მგონია,
რომ არა ჩვენი ბავშვობა...


ღამე

და მე ვერასდროს ვერ მივემხრე ვერანაირ _იზმს,
ჰუმანიზმსაც კი.
როცა ძალიან მენატრები,
ჩემში დამფრთხალი მხეცი იღვიძებს-
სუნი აიღოს,
დაგეშილი გაჰყვეს იმ ბილიკს
შენთან რომ მოდის.
როცა ძალიან მენატრები,
ჩემში მშიერი მგლების ხროვა ყმუის ერთბაშად
და სხეული სავსე მთვარეა.


ალვა

ეს იყო ერთგვარი ნიჭი,-
დაუსრულებელი საუბრების.
როცა ლაპარაკობენ შეჭმუხნული შუბლით,
ლაპარაკობენ
მეტყველი თითებით.
ლაპარაკობენ
არც ამ მთისას,
არც იმ ბარისას,
არც აქეთურს და
არც იქეთურს.
არა და ისმის-
სიტყვებია, ბგერებია-
ლაპარაკობენ, რაც მთავარია.
შენ კი დგახარ,
თითქოს თავისით ამოსული ალვის ხე იყო,
არც ვაშლს ისხამდე, არც ბალს, არც პანტას,
ვინმემ ქვა რომ მაინც გესროლოს
და ერთადერთი, რაც შეგიძლია-
მინდორში იდგე,
ამოვარდნილ ქარს აკავებდე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი