ისინი


ვინ არიან ისინი,
ჩვენი ოჯახის სამუდამო წევრები-
მიტოვებული ქალები,
დავიწყებული სიყვარულები,
რომ იციან ჩვენი სახლის ყველა კუნჭული,
ფუძე და ჭერი,
ღობე და ყორე...
სხედან ხოლმე,
ფეხი ფეხზე გადადებული,
გაუთლელ ვაშლს მხიარულად ახრამუნებენ
და გამჭოლ მზერით,
უხილავი სიღრმეებიდან,
ჩვენს თბილ, ოჯახურ იდილიებს,
დამცინავად აკვირდებიან.
...

ის

ვითომ ქართულია- არა და,
რამდენი ვსაუბრობთ სხვა-და-სხვა ენაზე.
მე ვამბობ - პური -
და იცის -
ხორბლის ყანა მზისფრად ლივლივებს.
ის იტყვის - პური -
და ვიცი -
ყველას თავისი ადგილი აქვს მყარად მიწაზე.
და მხოლოდ  ქვევით,
ერთ სიღრმეზე ცხოვრობს ყველა-
და სიჩუმეა.

ვითომ სიტყვებია, არა და-
შეეპარება უცხო ტონი -
და ხორბლის ყანა ცეცხლმა დაწვა,
დაანახშირა.

ვერასოდეს მივხვდი,
რამდენი ქართული შეიძლება იყოს.
ვერასოდეს მივხვდი მის ტონში გამხმარ თავთავებს.
...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი