სამყურების სახლი


გახსოვს,რა ლამაზი სახლი გვქონდა,
სამყურების სახლი.
ჩვენ თვითონვე რომ ავაშენეთ მთვარის შუქზე
ძალიან მოულოდნელად.
გახსოვს,რა განსაკუთრებით ვცხოვრობდით
სამყურების სახლში.
შენ რომ საღამოს დაღლილი ბრუნდებოდი,
მე მშვიდ სადილს გახვედრებდი,
და შენს მუხლებთან მორჩილად მოკეცილი
ჩუმად გიკითხავდი წერილებს,
რომელთაც მთელი დღე გწერდი.
ზაფხულობით ვამზეურებდი
ბაბუაწვერების ოთახებს,
და მეზობელ ჭიანჭველებთან ერთად
მდინარეზე ვავლებდი სარეცხს.
მერე შუაღამემდე შევრჩებოდით აივანს,
შენ ღიღინებდი მთვარის შუქს და
თმაში მიწნავდი ბალახის სურნელს.
გახსოვს რა ერთგულად ვცხოვრობდით
სამყურების სახლში.
მერე გაგიყიდე ერთადერთი წითელი და
ყველაფერი დაიშალა.



23.02.2004
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი