უარი


(ხმელი ლექსებიდან)

თარიღები დავიწყებულია

ნუ დავარქმევთ სახელებს,
ჯერ თავადვე მოგვიწევს დაჯერება,
რომ ის არსებობს
და მერე _სხვები დავაჯეროთ.

სამყაროს უკანა ეზოში უნდა ვითამაშოთ,
რადგან აქ _ სიმშვიდეც და ხმაურიც,
კუთვნილებით ნაცვალსახელებზე ნაწილდება:
ჩემი,
შენი,
მისი.

აქ _ ისე კვდებიან, სიხარული გაზრდას ვერ ასწრებს,
ხოლო ღიმილი მხოლოდ ტუჩების სავარჯიშოა.

აქ _ დრო მაჯაზე არ მაგრდება,
ხელსაქმედ გვაქვს მისი შევსება
და ისიც კუთვნილებით ნაცვალსახელებზე ნაწილდება:
ჩვენი,
თქვენი,
მათი.

აქ _ არსად ვიწროვდება, რომ გაწყდეს.
მხოლოდ სიჩქარეა, საგზაო ნიშნები _გაუქმებული
და გაჩერება
”თავის გადარჩენა” _
გამოტოვებული.

აქ ერთხელ უნდა გაბედო და
უთხრა ღმერთს უარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი