ვის დავაჯერო ..

ვის დავაჯერო,
რომ შეიძლება,
მფარველ ანგელოზს,
თითქმის ნულზე ჰქონდეს გადაღებული თმა,
ეცვას მარცხენა მუხლზე გამოხეული ჯინსი
და მეორადებში ნაყიდი მაისური,
ხელში ეჭიროს ჩამოსასხმელი ლუდით სავსე ორლიტრანახევრიანი
და ხეების თავზე კი არ მოფრინავდეს,
გაცხელებულ ასფალტზე მოაბიჯებდეს თხელძირიანი კედებით.

აი,
ასეთმა კეთილშობილმა არსებამ
შემოაღო ამწამს
ჩემი ოთახის კარი.
...

ღმერთო,
შენ არ გაგვიბრაზდები,
რადგან მალე,
მეორე ორლიტრანახევრიანსაც გავხსნით
და უკვე გვიან,
როცა ჩემი სახლის უმოაჯირო კიბეს ჩამოვყვებით,
ორივეს ძალიან გვეჯერება,
რომ შენც ჩვენთან ერთად იყავი ამ საღამოს,
ახლაც კიბეზე,
ორნი კი არა,
სამნი ჩამოვდივართ
და ერთ-ერთი ჩვენთაგანი განაპირა მხარეს ირჩევს,
რომ დანარჩენი ორი
დაბლა გადმოვარდნისგან დაიცვას.

წყარო: urakparaki.com