ოცდახუთი წლის იყო ..


ოცდახუთი წლის იყო,
თავი რომ მოიკლა
და მეთერთმეტე წელია,
გუშინდელი დღესავით მახსოვს,
როგორ ვუყვარდი.

სხვა,
ყველაფერი დამავიწყდა, აბსოლუტურად,
სულ ყველაფერი.

ერთხელ,
შუაღამისას დამაფეთა:
ჭკუიდან გადასულივით აბრახუნებდა კარზე
და ბოლო ხმით ყვიროდა -
ნიკაააა!.. გამოდიიიი!.. გამოდიიიი!.. ნიკაააა!..

გიჟივით გავვარდი.

- რა ხდება-მეთქი
და მთელი სიცოცხლით გამიღიმა,
მთელი თავისი არანორმალური სიცოცხლით...

ახლა ვხვდები.
ახლა ვგრძნობ.
(მაშინვე მივხვდი,
თერთმეტი წლის წინ,
დედაჩემი რომ დამხვდა ქუჩის ამოსასვლელში
და მითხრა,
რაც გააკეთა.)

ძალიან კარგად იცოდა,
რომ მოსაწევს არ ვეწეოდი,
მაგრამ მომაჩეჩა ხელში
და დიდი ნაფაზი არ გამოარტყაო -
გამაფრთხილა.

ის იყო,
ენაზე მომადგა -
ბიჭო,
შენ ხომ არ უბერავ,
ამისთვის გამაღვიძე-მეთქი
და ძლივს მოვასწარი სიტყვების უკან ჩაბრუნება.

ინსტინქტი იყო,
მაშინ ამ ყველაფრის მეათედს ვერ ვხვდებოდი,
უბრალოდ,
ინსტინქტი იყო,
რომ გამოვართვი ის რაღაც
და ჩავუშვი ფილტვებში.

ნამდვილი შეშლილივით იდგა,
დაცენტრილი,
აჩაჩულ-დაჩაჩული,
წვერგასაპარსი და თმააბურდული...
შტერივით იღრიჭებოდა,
ღამის ოთხ საათზე,
შუა ქუჩაში
და იმ სიყვარულით ტკბებოდა,
რომლითაც ვუყვარდი.

...

ხდება,
გამოგვერევიან ხოლმე ასეთები,
იშვიათად,
ათასში ერთხელ...
ვისაც იმდენად უყვართ სიცოცხლე,
რომ ვერაფრით ეგუებიან ჩვენს მიძინებულ მდგომარეობას
და ვიდრე ნამსხვრევაბად არ ვუქცევთ გულს,
ვიდრე ბოლომდე,
დაუნდობლად და შეუბრალებლად არ გავანადგურებთ,
სადამდეც მოთმინება ჰყოფნით,
სადამდეც გაძლება შეუძლიათ:
გვეძახიან, გვანჯღრევენ და გვაღვიძებენ...

ჩვენ კი მათ ხმაურს ბუზღუნით ვპასუხობთ,
პოზებს ვიცვლით,
უფრო ღრმად ამოვიგებთ ხოლმე საბნებს გვერდებში
და ამ დედამოტყნულ თვლემას ვაგრძელებთ.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი