0 793

ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები ..


ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები
და გზაგაყრილები
ერთმანეთს ვეღარ ხვდებით.

ცხოვრება კი არა,
კაცები გაიშვიათდნენ ქალაქში,
დანახვა გაგიხარდეს,
ხელის ჩამორთმევა მოგინდეს.

საკუთარი თავი ხომ
ყელში აქვს ყველას გაჩხერილი.

და ამ ზამთრისპირს,
გაყინულ ქუჩაში გამოსულს,
მხოლოდ ლექსებიღა თუ გამოგყვებიან გვერდით.
ზოგი პატარა ლეკვივით,
აქეთ რომ სჭირდები;
ზოგი ბავშვობის ძმაკაცივით,
შენი მისამართი რომ აღარ ახსოვს;
ღმერთივით ზოგიც,
გული რომ გაგისკდეს მოულოდნელად,
დაიხაროს და ღიად დარჩენილი თვალები დაგიხუჭოს.
...

ცხოვრება თავის გზით მიხრიგინებს.

მარტოკაცის ნაბიჯებს,
სული რომ სხეულს ეყრება
ისეთი ხმა აქვს.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)