ასე ვარ

"ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია.
                                         შანდორ პეტეფი

პოეზია - ახლა უფრო როკია,
მე თუ მკითხავთ,
იხდენს კიდეც გაროკვას,
ყველა სიტყვა სახრჩობელას თოკია,
დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.

პოეზია - ახლა უფრო სექსია,
მხიბლავს,
რაც უფრო შორია სათავე,
თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია,
ან რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.

პოეზია - ახლა უფრო ქალია,
მაღლა,
მზისკენ გაქცეული კერტებით,
მუღამი აქვს, თან მაგარი ძალიან,
შიშველს რომ შეეხები და გედება.

პოეზია - ახლა უფრო ბრენდია,
თან ძველი და თან მუდმივად ახალი,
პოეტობაც სადღაც ალბათ ბედია,
სისხლში არ გაქვს?
თუნდ თავი ქვას ახალე.

პოეზია - ახლა უფრო დრამაა,
როლი, ერთი მსახიობის თეატრი,
მინორული მიხრილობის გამაა,
მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.

პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით.
აფექტია, მარტოობა, კოშმარი...
სულ ერთია, მიწამლებთ თუ დამგესლავთ,
ოღონდ ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.

პოეზია - ახლა უფრო ჰარია
ჰალერი ან ჟიულიენი სორელი.
გავაჩუქე ჩემი წილი ჰაერი,
ჰოდა, ვკვდები ისე, როგორც მოველი.

პოეზია - ახლა უფრო... წაიღო...
ღამდება და ღამით უფრო მოიტანს.
გთხოვთ,
რომ ისე არაფერი გაიგოთ,
ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი.

წყარო: urakparaki.com