გოდების კედელი


წვიმა აგვიანებს,

დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს,

მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი,

წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.

მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი,

გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები,

მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.

მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ არის,
მიდი,
გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.

მიდი,
წერე შენი ყველა სიგიჟიდან,
ფეხზე დაიკიდე თუ არ გაღიარეს,

მიწა მიატოვე,
ცამ თუ მიგიზიდა,

წვიმა?

წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი