0 292

ციკლიდან - სახელის იეროგლიფები (პირველი იეროგლიფი)


ქეთუს

დღეს,
როცა პოეზია ძველ ბორდელს დაემგვანა
და სიამოვნებამ დრომოჭმული სახე მიიღო,
შენ უფრო მეტად გიჭირს გარეგანი
ტკივილების ატანა და ახლაც,
თითები რომ გადაიგრიხე ერთმანეთზე,
თვალები რომ დახუჭე
და შემიყვარე -
სასწაულზე მეტია!
ხვალ -
ისევ გააფუჭებს ფანჯრიდან ხედი
ჩვენს ყოველდღიურობას,
რადგან არასოდეს ვკითხულობთ სურათებს,
არასოდეს ვართ უგრძნობი ღამით
და ჩვენს თავისუფლებას,
დროდადრო,
აუცილებლად ვრწყავთ
ჩემს ნაწერებში მოკლული ბავშვების
და ტირანების სისხლით.
ზოგჯერ,
შენ ჯდები ფორტეპიანოსთან და
უკრავ მსმენელების ნერვებზე,
მე ყველაზე მეტად ის მსმენელი მიყვარს -
დრაკონის თვეში დაბადებული,
მისი დაბადების დროს დედა ოცდაცამეტი წლის იყო,
მამა - ორმოცდაორის,
რაც ძალიან ცუდ ნიშნად ითვლება ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით.
ალბათ ამის გამოა,
რომ ის სულაც არ არის მშვიდი,
აქვს მხოლოდ ნერვები და შენთვის მტკივნეულია მათზე უკრავდე.
ჩემთვის კი,
დიდი ხანია,
რაც ტკივილი სიამოვნებად იქცა.
საბოლოოდ,
ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ დავტოვოთ პუბლიკა
მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმირების გარეშე,
ვეუბნებით,
რომ დაგვტოვონ,
დაგვანებონ თავი,
დაგვეხსნან,
რომ უფრო მეტად გამოშრეს ჰაერი,
რომ უფრო მეტად მოგვწყურდეს ერთმანეთი,
ინდიელებივით დავიწყოთ სარიტუალო ცეკვა,
აიმარას ტომის აბორიგენებივით მოვიხმოთ წვიმა,
რომელიც ყოველთვის მოდის,
ყოველთვის,
რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გაჩერება,
რადგან ჩვენ არ ვჩერდებით,
სანამ არ გაწვიმდება!
კომენტარები (0)