დღეს ტრაგედია შენი ფონია ..

დღეს ტრაგედია შენი ფონია.
ახალგაზრდა ხარ! - ქვითინებს სტვირი.
ალბათ, ქალაქი შენ ტყე გგონია
და ღამით გზაზე საბრალოდ ტირი.
დაგვიწყებია ყველა ახლობლის
სახეები და მისამართები,
და ბნელში, ნიშნად ჩემი მოხმობის,
დაგვიწყებია ცეცხლის ანთება.
არც ტექსტი გახსოვს გადამწვარ-მთვრალი
ჩემი სიმღერის „გვიყვარს, დავიცდით":
შემოიტყუე სარკმელში მთვარე,
და ის, ვინც გიყვარს, მოვა თავისით...
დაბნელდა შენი, უკვე ყოფილი
ბინა. სარკმელი აღარსად გადის.
ირგვლივ სიბნელე დგას შეცნობილი
და შეუცნობი დრო წელიწადის.

1995/2003