ვწერ. მაგრამ განა იმ მიზეზით, რომ ყოფნა ცრუ არს ..

ვწერ. მაგრამ განა იმ მიზეზით, რომ ყოფნა ცრუ არს.
და არც იმიტომ, რომ დღეები სწრაფად გარბიან.
ვწერ, რადგან მაძლევს შენს ულმობელ ნაკვთთა მაფია
წინადადებას, რომელზედაც ვერ ვამბობ უარს.

და წერის ცეცხლზე გამუდმებით ნავთი ისხმება
იმით, რომ, ჩემდა სასიკეთოდ და საამაყოდ,
ვწერ იმ ენაზე, რომელზედაც შენ ლაპარაკობ,
რომლის შრიალიც შენს ბაგეზე იგულისხმება.

ვწერ. და გგონია, უცნაური ხუმრობით ვხუმრობ.
მე კიდევ წერას გადავაკვდი და გეტყვი აქვე,
რომ გაგიკეთე ამდაგვარად მეორე სარკე,
რომელიც პირველს გერჩივნება უფრო და უფრო.

მე და შენ ბოლოს ამ ნაწერში შევიყუჟებით,
როდესაც დავცლით, დევნილები, დროის ბარაკებს.
ილაპარაკე, არ გაჩუმდე, ილაპარაკე,
ესიყვარულე ქართულ ენას შენი ტუჩებით.