ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად ..


ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზედ ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდამზრალი.
ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზედ გელანდებოდა,
დასწყევლოს ღმერთმა რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი სად ინათლა, სად ბნელდებოდა!
რა საოცარი იყო შენი მარადისობაც:
დევნილ სიცოცხლეს, ბნელ სიზმრების ჯანღი მალამდა,
დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება როგორც ბალადა.
ძლივს დარწმუნდები რომ შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა,
ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს,
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა,
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.
ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არც კი გინდა რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი,
ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რო დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს,
არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი