ბალახი როცა ამოვა

შენ ჩაფიქრდები საყდრის ნანგრევთან,
სტვენით გადივლის ქალაქს ღრუბელი.
თმებში თეთრი თმა გამოგერევა
და თვალში სევდა ჩაუქრობელი.

ჩუმად ჩაუვლი ნაცნობ ბაღებსაც,
დაგეკვებება შფოთვა და დარდი.
დილით ჩიორებს ეტყვი რაღაცას,
ბაღი სასახლეს განიშნებს ვარდით.

მტრედის ნისკარტით დაწერ ბარათებს,
შეიშრიალებს შორს ხეივანი.
დააშტერდები უცნობ აღმართებს,
როგორც წარმართი და კეთროვანი.

ოცნება წმინდა, გზა მიუვალი,
სფინქსის ზუზუნში იდგება ქეშად.
მკვდარს დაგეყრება თებერვლის ნავლი,
და ქარბუქისგან მოყრილი ქვიშა.

ქორი საფლავში ჩაგიგებს ბუმბულს,
სიმსივნით გული გაიბერება,
შენს თავის ქალას, ჯირკთან მიგდებულს,
მინდვრის ბალახი გამოერევა.