გათხრები

ღრუბლის ნაკვეთი სადღაც უშნოდ დაბღლაძუნობდა
უკაცო ქვეყნის ქვეყნის გარიჟრაჟთან შეანჩხლებული,
გაღებულ ფანჯრებს წამლად ერთი მგზავრი უნდოდათ,
ქარი კიოდა ტატნობებზე გაფიჩხებული.

არ ვიცი, რა ვქნა, რომელ გზებზე მივუშვა ბედი,
იქნებ ქარბუქში შემერიოს სიცოცხლის აზრი.
მარადისობავ, საუკუნოდ გაგიხმეს ქედი,
რომ ასე უღვთოთ დამაბნიე ტიალი მგზავრი.

გინახავთ კაცი, საუკუნეს ხმითაც არ ჰგავდეს,
და ყოველ დილით სისხლის ჭოჭი ღვაროს სახლიდან
ან სინათლეში მოიწყინოს, მერე გათავდეს...
ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა.

რა თავში ეცა, ვინც ვარდების ალერსს სწუნობდა,
ვისაც ხელებით გაუთბია თოვლივით გული!
სიჩუმე იდგა. შორს ღრუბელი დაბღლაძუნობდა,
უსულდგმულო ცის რიჟრაჟებთან შეანჩხლებული.