თამაზი


იძინე, თამაზ, მოშუშდი, შვილო,
ნახე სიზმრები ნაირ-ნაირი,
ბედთან იქნება შენ გამაშველო,
ბედი რომ მხერხავს, ვით ბირდაბირი.

იზარდე, თამაზ! ვგრძნობ, დედას ხედავ,
ტუჩზე ღიმილის სიო გედება.
ვინძლო, მოყვარედ არ გაიხადო
ჩემი ხმაბნელი შემოქმედება.

იგრძენ, თუ როგორ ვეწამე, ბიჭო!
იმ დროს, შენ როცა ხის ცხენით რბოდი,
მამა ლოთობით რომ ამოიხრჩო
და შენ უგონოდ ებრალებოდი.

იცოდე ქვეყნად კაცის გარჩევა,
მკვდარი ცისკრის დროს გამომიტანეთ.
ალბათ შენს თოთო ხელებს დარჩება
ჩემი ცხოვრების ყრუ მატიანე.

ვიცი, გულცივი რომ არ იქნები,
ოდესმე ნახე ნახე განჯინის ძირი,
სადაც ეყრება ჩემი ფურცლები,
შედუღებული ცრემლების კირით.

იგრძნობ ჯერ ნელთბილ შიშის ჟრუანტელს,
დაბურულს, დახშულს და გადარეულს.
ბნელი ქარებით წაქცეულ კანდელს
და ბაღებს უკან სახლს გადანგრეულს.

გეთაყვა, ხალხს არ დააჯღაბნინო
სამარის ქვაზე არც ერთ სიტყვა,
ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს,
ვინც გულს ჩასტირა და ჩაისეტყვა.

იძინე, თამაზ, არ გაგაღვიძებ,
ჩუმად ვიტირებ, ჭირიმე შენი.
წარმავლობას შენ რას დაეძებ,
ღმერთო, ბავშვობა როგორა გშვენის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი