შეხვედრები დღის ბოლოს


ვასო მურვანიძეს

1.
ყოველთვის გატყობ, რაღაც გაწვალებს,
გულის ალმური თვალებში დნება!
სიზმრებში ხვდები შენს სიყმაწვილეს
და რომ იცხოვრე, ის გენანება.

სველ პანაშვიდებს სახლისკენ იხმობ,
თან გზად აწყდება ქვესკნელთ გალობას.
ხელს როცა ვიშვერთ, მკლავი გვიხმება,
რომ არ შევეხოთ წარმავალობას.

ტუცს ვერ გაგიხსნის ორპირი დანა!
სახე მიგიგავს კლდემიწნულ ღბეს.
თითქოს ასკილის გული დაგადეს,
უცბად მხრებს ისე შეირხევ ხოლმე.

ხშირად გამვლელებს ზვერავ ირიბად,
გაუშლელ ღიმილს ისრეს ქურდივით
და რომ გებუროს შავი პირბადე,
დაოსდებოდი ცრემლების ფრქვევით.

დღეს მაცხოვარი როგორ ვიწამო,
როცა ის ცეცხლი შენშიც მკვეთრია.
სად დავისვენოთ, მითხარი, ძმაო,
როცა ერეკლეც საგიჟეთია!

2.
ფლამარიონი როცა კვდებოდა,
„მიწაც გაქრება“, ასე უთქვია.
ქარი კი იტყვის: რა მტრობა გქონდათ,
ეს კაცი რაზედ დაგიფუფქიათ.

საუკუნეთა გამხმარი ტევრი
ძვლების ნამქერზედ მოყვება ზუზუნს,
დაქვავებული იქნება მტვერში
ბავშვის თითებში გამშრალი ძუძუ.

შეშლილი ღამე ღრუბელს ჩაიწვენს,
ძაღლები სივრცეს მოედებიან,
კვდრები დასცლიან ბნელ დედამიწას
და ქარიშხლები მიწყნარდებიან.

იქნება, მაშნ, წამოვდგეთ ბოდვად,
ჭკუა შემცდარი ვნახოთ ქვეყანა
და თან ვიდარდოთ: რა იქნებოდა,
ნეტავ ფასკუნჯიც წამოგვეყვანა.

გაცრეცილ სახეს, გადამქრალ თვალებს
სიცოცხლის მწუხრი თრთვილივით სტოვებს,
ღვინომორეულ ბიჭს შემიბრალებ
და საგიჟეთში გაცნობილ პოეტს.

დე დაგვიფაროს გამჩენმა ძალამ,
ბედი არ გვინდა, არც გვიძებნია.
ბინდის ქვეშ გზებზედ გვივლია ხალვად
და ნისლებს შორის ჩაგვძინებია.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი