ცისა ფერს, ლურჯსა ფერს..


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, —
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა, როს
გარს ნისლი მოეცვას —
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი