კარგად!


სევდის ბაცილები დამესიენ,
რაღაც უცნაურად მეღიმება.
ვებრძვი სასაცილო ამნეზიებს.
თავი გადიქნიეს ექიმებმა...

კარგად მენახეთ-თქო-დავიბარე,
ისე შემოვბრუნდი...ჰაიჰარად.
ცაზე მამონტებმა გადიარეს,
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

მეტი არაფერი უჩვეულო,
სარკე დავუმსხვრიე მოჩვენებას-
მე სხვა ღიმილსა ვარ მიჩვეული,
ის სხვანაირ ღიმილს მაჩვენებდა!

ქვემოთ სართულები გადავთვალე,
ქარებს ჭილყვავები მიჰკივიან.
დღეს რაც უსათუოდ გაგახარებს,
ჩემი მოგონილი სიკვდილია,

ან ეს ხარხარია უმიზეზო-
ღამეს ჩაფრენილი ანაკონდა...
აჰა, სიკვდილის წინ გავილექსე!
(შენ ხომ ლექსებითაც ამაყობდი.)

მეტი არაფერი უჩვეულო.
ღმერთის შეცდომაც თუ გავასწორე,
ჩემო უჩემობას შეჩვეულო,
წერილს დაგიტოვებ:
....................
P.S. sorry!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი