0 137

მაინც სოფელზე


ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_
დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე.
_ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.

ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამ
და ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..
კომენტარები (0)