0 85

მამლუქი


ისე უეცრად ამაღლიტეს დედის ძუძუდან,
როგორც წიწილა- მიმინო რომ წაანიავებს...
დამავაჟკაცა ცხელი მზის ქვეშ რბენა-ძუნძულმა,
გამაავკაცა ჭრელი მტრების უცხო სიავემ.

სულ სხვა ნიავებს მაძალებდა ზეცა აკვნიანს,
სულ სხვა ქარებმა ამილესეს სისხლით ხანჯალი.
მე განა გული,-მხოლოდ გულის სითბო მაკლია-
ჩემი სამშობლოს მზეს რომ დარჩა დაუხარჯავი.

ჰაუ, მაჯამით ან შაირით ვიღა გამზრდიდა,
ვინ მიმღერებდა "იავნანას", მერე- "ჩაკრულოს"?..
უხედნ ულაყზე გამამწესეს ჭრელი ბაზრიდან,
ვაი, გვამებით დამარხულო, სულო, ჩაკლულო.

რად ვგულნაკლულობ, დიდება ხომ მახლდა ხმალივით,
ხომ ვა-ცა-მტვრევდი ლუკმა-ლუკმა ციხე-ქალაქებს?!
რამდენი ქვეყნის ცა ვატირე ცხარედ, ქალივით,
რამდენი ქვეყნის შავი მიწა წითლად დავლაქე!

თითქოს გამლახეს-ამიდუღდა მკერდში ლითონი,
გრიგალსგასწრებულს დამეწია სიო ბავშვობის,
მერე: "დიდება", "ოქრო", "ვერცხლი"- გახდა ლიტონი
და საკუთარ თავს, სისხლ-ხორციანს, წუთით დავშორდი;

მზეზე ვაშრობდი ობოლ დარდებს პირამიდებთან,
ხან არეული ნაბიჯები სწვავდა ტრამალებს
და უცებ მოხდა, უცებ... მკერდში ფეთქვა მინელდა
და შიშნარევი შეძახილი მოსწყდათ ამალებს.

ვეღარ დავმალე კაკალ გულში დარდი მოცლილი:
-ეჰ, ჩემს მიწაზე, ჩემს კერასთან რარიგ კარგია!
ჩვენ სამშობლოში ვკვდებით მუდამ ხმალამოწვდილი,
უცხოეთში კი მუდამ ასე გვკლავს ნოსტალგია.

დამიკარგია ბევრი ხმალი ოქროჭედური
და ზარდახშები, ავსებული ზურმუხთ-ლალებით,
მაგრამ საფლავში უფრო მტკივა მამულ-დედული
და დედაჩემის ცხელი ცრემლით სავსე თვალები.

არ გებრალები, მომავალო, უცხო მიწაში?
უცხო სითეთრე ჩემი ძვლების ნუ შეგაშინებს,
დედამიწაზე ქართველის კვალს, აბა, ვინ წაშლის,-
საუკუნეთა წიაღიდან ამომაბრწყინე
და დამავანე (სამუდამოდ!) ქართულ მიწაში.
კომენტარები (0)