მზის დაღი


ცივი ხარ. მე თავი მეცხელება.
უჰ! სიცხე კი არ მაქვს,_ მზის დაღია.
შუბლით დაგიკოცნე მეც ხელები
და რაც კი ხელები მინახია,
ყველაზე ლამაზი შენი არი!
უკან ღვარცოფები ბოგინობენ.
მე მათ შევაჩერებ. შენ_ იარე.
მერე ღრუბლისფთილა ლოგინები
წვერზე გაშალე და დამელოდე_
მთის. მთას საოცარი აურა აქვს.
ჩემს მხარს შერჩენილი სამი ლოდი
იქვე ჩამოვდგათ და ხამურაბის
(თუნდაც) კანონები წავაწეროთ.
მერე ჩავიძიროთ... ვმეორდებით:
სამ შვილს ამოგვიყვანს სამი წერო,
მეოთხე იქნება ცეროდენა.
ყველა ჩამიფუთნე_ ეციება,
ხომ იცი, მთა მაინც მკაცრი არი.
ჯერ კი უცნაურად მეცივები.
შენი ბერეთელიც კაცი არი_
ცოტა მოეფერე...
მომენატრე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი