სიცივე


მომადგა იანვრის უხორცო სიცივე,
მოკრულდა ფანჯრებთან.
რა ვუყო, თავიდან ვერაფრით ვიცილებ_
სიცივე დამჩემდა...
ოქტომბრის ბოლოსვე დაეშვა მთებიდან,
ჯერ წიფელს შეუჩნდა,
მერე კი ნელ-ნელა გაშალა ფრთები და
ვერავინ ეურჩა:
სულ ფერად-ფერადი ცრემლები ადინა
ცხემლნარს და წიფლიანს,
ვერ იქნა, ვერაფრით ვერ მოინადირა
პატარა ნიბლია.
გაბრაზდა, გაცოფდა, სულ გადაირია,
კლდეს ფშვნიდა, ბზარავდა.
სიცივის ბუნება სულ სხვანაირია და...
გაჭაღარავდა.
ძლივს, სვენებ-სვენებით აფენდა მინდვრებზე,
თეთრეულს აფენდა
და ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე მზე
არ ამოსხვაფერდა.
დახედა სამი დღის უნახავ გარემოს
და ცოტა გაოცდა.
"მე რაღა გიშველოთ, გიშველოთ მთვარემო"_
კინაღამ წამოცდა.
რამდენი ეცადა, რამდენი იწვალა_
ვერ დადგა ზენიტთან.
საღამოს, ნიბლიამ:"მზე გარდაიცვალა!"
თქვა მოთქმა-მღერითა.
მთელ ღამეს მესმოდა ფანჯრებთან ფათური
და ვერ დავიძინე,
დილით კი მინები დამხვდა მოხატული,
ცელქობდა სიცივე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი