ზამთრისპირული


აქვთ მოლოდინი სოფელში ზამთრის,
აპობენ შეშას.
აქვთ ცოტა შიში მგლისა და აფთრის_
საქონელს შეჭამს.
შერჩენილია ხეზე ნაყოფი
აქა-იქ კენტად.
(თვეზე მეტია, არ ვარ ნამყოფი_
აქედან ვხედავ.)
მეზობლის ძაღლი შეუყეფს ყალბად
ეზოში ვინმეს.
_აქეთ მობრძანდით.
_იმე...
და
_აპა!_კილოკავს ვისმენ.
_ი ბოვში ხო არ არი აქეთ,
საქმე მაქ რაცხა...
_გაჩერდი ერთი! ტყუილად ვაქეთ,
ეგ გაქრა საცხა.
მიხიკ-მოხიკავს რაც უნდა:
ვაშლი, ლობიო, კომში...
"არ მიჯავროთო"_დღე გადის წამში,_
სადღაა ბოვში?!
_ნუ გამახსენებ. ჩემი სამივე
არაა მასე?
გამეიფსკვნიან კუდს და წამივლენ,
მტოვებენ მშრალზე.
არ დევინახო აღარცერთი!
(ვირევი აწი...)
ხარი მყავს, ბიჭო, დასაჭედი_
ვერ ვნახე კაცი...

ღიმილით ვისმენ საუბარს ასეთს_
ხუმრობანარევს.
და ვიცი, მალე ასწევენ თასებს.
ჭედავენ ხარებს.
მზე სამხრეთისკენ ეძალება_
კომში ბრდღვიალა.
ქალაქში ყოფნა მეზარება
ადამიანად...
მეზობლის ძაღლი შეუყეფს ვინმეს
ეზოში ყალბად.
ვგდივარ ქალაქში, ტკივილებს ვითმენ
და ცრემლებს ვყლაპავ...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი