ისევ სოფელზე


ბინდდება. ფიქრით მივყვები სოფელს,
სულ ღობე-ღობე მივყვები ნიავს.
წყაროსთან გოგო შეიკრავს კოპებს
და წყაროს ბიჭის ღიმილი მიაქვს.

შაშვის ჭახჭახი დარაბებს ბზარავს,
წამიც და... თხილის ბუჩქშია ნაღმი.
ჩემს სკოლას ისევ ამძიმებს ზარი,
ეკლესიას რომ ჩამოხსნეს გაღმა_

ოდესღაც, ჩემი გაჩენის დღემდე,
ოცდაჩვიდმეტში, ანუფრო გვიან...
ოციოდ წამი მაშორებს ხემდე,
რომელსაც ჩემი მარტოხე ჰქვია.

სერზე მომისწრებს გვერდელა მთვარე,
მგელივით ყელში ვიგუბებ ყმუილს.
მივდივარ. ქარმა იცვალა მხარი.
ამაღამ პურის დარჩენილ ყუას

ღვინიან ჯამში ჩავიფშვნი მშვიდად,
შენდობას ვეტყვი პაპის ძველ სურათს.
ხვალ უნდა კვალში ჩავუდგე შვინდას,
ხვალ უნდა ჩემი დავთესო პური.

ჯერ კი ღამეა. მივყვები სოფელს.
სულ ღობე-ღობე, სულ ნიავ-ნიავ...
წყაროსთან ბიჭი შეიკრავს კოპებს
და წყაროს გოგოს კისკისი მიაქვს.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი